საქართველოს ეროვნულ ბანკს ზამბიის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს ზამბიის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

21 ნოემბერი, 2013

21 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ზამბიის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია. ზამბია მეოთხე აფრიკული სახელმწიფოა, ეთიოპიის, ბოტსვანასა და მალავის შემდეგ, რომელიც გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სტუმრობს. ვიზიტი ამერიკული კომპანია „მონტრანის“ რეკომენდაციით დაიგეგმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი რეფორმების გაცნობას.

სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის საგანს ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ გადარიცხვები. ზამბიელი სპეციალისტები ქართველი კოლეგებისაგან მიიღებენ ინფორმაციას საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ. გაეცნობიან რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უპირატესობებს. სტუმრები ასევე ეწვევიან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს, რომელიც ერთადერთია დსთ–ს სივრცეში და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ზამბიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან, რომლებიც გვეწვივნენ იმ მიზნით, რომ გაეცნონ საქართველოში და საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებულ რეფორმებს. ეს არის რიგით მეცხრე ცენტრალური ბანკი, რომელიც გვეწვია ამ მიზნით და ვფიქრობთ, რომ მათთვის სასარგებლო იქნება საქართველოში მიღებული გამოცდილება. უკვე გაიმართა შეხვედრები საგადახდო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით, დღეს განხვილავთ მათ მოდელს, თუ როგორ აპირებენ განავითარონ თავიანთ ქვეყანაში საგადახდო სისტემები და ასევე საუბარი იქნება ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებზეც. ჩვენ ვაპირებთ, რომ მათ დავეხმაროთ იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენთან უკვე წარმატებით განხორციელდა“, - განაცხადა ეროვნული ბნაკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზანია, ადგილზე გავეცნოთ იმ სისტემებს, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ ზამბიაში. ჩვენ ვნერგავთ ახალ RTGS სისტემას, რაშიც დახმარებას კომპანია „მონტრანი" გვიწევს. საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე დანერგილია ეს სისტემა და ჩვენ ჩამოვედით, რათა ვისწავლოთ თუ როგორ უნდა დავნერგოთ ახალი სისტემა. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება და ეს მხოლოდ RTGS სისტემით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა ზამბიის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლაზაროს კამანგმა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგნელებს შეხვდებიან, ასევე დაგეგმილია შეხვედრების გამართვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროშიც.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდნენ ავღანეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ბოტსვანას, მალავის, სურინამისა და ეთიოპიის ცენტრალური ბანკების დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.  

 

სხვა სიახლეები