საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოცდილების გასაზიარებლად კონგოს ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოცდილების გასაზიარებლად კონგოს ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

10 აპრილი, 2014

10 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკს კონგოს ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი რეფორმების გაცნობას. გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდა აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს არაერთი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა. 

სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის საგანს საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ გადარიცხვები. უცხოელი სპეციალისტები ქართველი კოლეგებისაგან მიიღებენ ინფორმაციას საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ. გაეცნობიან რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უპირატესობებს. სტუმრები ასევე ეწვევიან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

კონგოს ცენტრალური ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან წარმომადგენლები საგადახდო სისტემების, ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებიდან, ასევე RTGS-ის და საგადახდო სისტემების პროექტის ხელმძღვანელები.

 

სხვა სიახლეები