საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასოციაციას “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის “ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასოციაციას “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის “ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

01 აგვისტო, 2019

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასოციაციას "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ასოციაციის თავმჯდომარემ, ივანე გრიგოლაშვილმა მოაწერეს ხელი.

პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება, ასოციაციისა და USAID-ის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, 500-მდე ახალგაზრდის ჩართვას სამეწარმეო ტრენინგში, საქართველოს 9 მუნიციპალიტეტიდან (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). პროექტი 3-ეტაპიანია: I და II ეტაპები - 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, III ეტაპი კი - 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდება. საქართველოს ეროვნული ბანკი, ამ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების თემებზე ტრენინგების ციკლს ჩაატარებს.

"დღესდღეობით, ახალგაზრდებს ხშირად დამოუკიდებლად უწევთ კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. მათი ფინანსური განათლება ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ახალგაზრდა თაობა კი, ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტული მიზნობრივი ჯგუფია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

 

 

სხვა სიახლეები