საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "მასტერქარდის" სემინარს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "მასტერქარდის" სემინარს უმასპინძლა

03 ნოემბერი, 2016
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო საგადახდო ბარათების კომპანია "მასტერქარდმა", ქართული ბიზნეს კომპანიებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის მორიგი სემინარი გამართა. ორდღიანი შეხვედრის მთავარი მიზანი საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული რისკების განხილვა იყო.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად სემინარი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის მომზადდა, კერძოდ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში გადამწყვეტი როლი აქვს ბარათებით განხორციელებული თაღლითობების ეფექტიანი გამოძიებისათვის. გასული წლების მსგავსად სემინარში მონაწილებდნენ კომერციული ბანკების, საბარათე ოპერაციების მომსახურე საპროცესინგო ცენტრებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ბოლო წლების განმავლობაში "მასტერქარდის" ბარათებით განხორციელებული თაღლითური ოპერაციებისა და ინციდენტების ტენდენციებს როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მასშტაბით. სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია საგადახდო ბარათების უსაფრთხოების ზოგად საკითხებზე, ასევე ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე. ბიზნესის წარმომადგენლები კი "მასტერქარდის" რეგულაციებსა და სტანდარტებში, მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამებში არსებულ სიახლეებს გაეცნენ.

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, "მასტერქარდი", ბიზნესისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს.


სხვა სიახლეები