საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელი შექმნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელი შექმნა

30 სექტემბერი, 2015

ეროვნული ბანკის, ახალი, ინოვაციური სტატისტიკური ბიზნეს-პროცესის მოდელის - სებსტატის დეტალური გაცნობის მიზნით, საქართველოს SWIFT-ის მარკეტინგის მენეჯერი ჯონას ბერგშტრომი ესტუმრა. 

სებსტატი, რომლის დანერგვაც წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს საბანკო სისტემაში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეცვლის ექსელზე დაფუძნებულ სტატისტიკურ ანგარიშგებას თანამედროვე ვებ-პროგრამებზე აგებული ანგარიშგებით. ასევე, აღნიშნული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია საბანკო სტატისტიკის წარმოების სფეროში, რაც უზრუნველყოფს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მიღების, ხარისხის კონტროლის, დამუშავებისა და გავრცელების ავტომატიზაციას.

სებსტატის შესახებ სტუმარს დეტალური ინფორმაცია იდეის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ნანა ასლამაზიშვილმა გააცნო. ჯონას ბერგშტრომის განსაკუთრებული ინტერესი სებსტატის კონცეპტუალურმა გადაწყვეტამ გამოიწვია. SWIFT-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი დიდი ალბათობით სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს და იგი მზადაა თავისი მოსაზრებები გაუზიაროს მათ ამის შესახებ.  

ჯონას ბერგშტრომის განცხადებით, SWIFT - ი, რომელიც  მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის 10800 ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ამჟამად გეგმავს თავისი სისტემების განახლებას და ამდენად მონაცემთა მოპოვების სფეროში ცენტრალური ბანკების მოწინავე პრაქტიკის გაცნობა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხებზე სასაუბროდ მხარეები სავარაუდოდ წლის ბოლომდე ისევ შეხვდებიან და გააგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით. 

SWIFT-ი (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication) ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსური ოპერაციების მიღებისა და გადაცემის საერთაშორისო ქსელია, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების განხორციელების უსაფრთხო, სტანდარტიზებულ და საიმედო გარემოს.


სხვა სიახლეები