საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და EFSE DF-მა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა შეიმუშავეს
02 ოქტომბერი, 2018
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა განავითარა. პროგრამის დანერგვა 2018 წლის ივლისში დაიწყო და მის ფარგლებში EDA-ს ექსპერტები ახალციხესა და თბილისში სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეების გადამზადებას ახორციელებენ.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და მომავალ მეწარმეებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული სწორედ მიკრო და მცირე მეწარმეების საჭიროებებს პასუხობს.
პროგრამის ფარგლებში მეწარმე ისწავლის ბიზნესის დაფინანსების წყაროებისა და ფინანსური მომსახურებების, ასევე, ბიზნესის შეფასების გზებისა და ამ მიზნით გამოყენებული ძირითადი ინდიკატორების შესახებ. ამას გარდა, მეწარმეს საშუალება მიეცემა გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები და გადახდისუნარიანობა და შეარჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი ფინანსური პროდუქტი. დამატებით, მეწარმე ისწავლის, თუ როგორ განახორციელოს ფინანსური აღრიცხვა და ეფექტურად დაგეგმოს სამომავლო ქმედებები, რათა თავიდან აირიდოს რისკები.
პროგრამა შედგენილია სამიზნე ჯგუფისთვის მარტივად აღსაქმელი ენით და გაჯერებულია შესაბამისი მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ მარტივად შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის სახელმძღვანელო ძირითადად მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებზეა გათვლილი, მასში მოცემული პრაქტიკული რჩევები მიზანშეწონილი და გამოსადეგი იქნება შედარებით დიდი ზომის საწარმოების მფლობელებისთვისაც.
"სამეწარმეო სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში მეწარმეების ფინანსურ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე შემოთავაზებული ფინანსური პროდუქტები თუ მომსახურებები საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, შესაბამისი ცოდნისა თუ ექსპერტული რჩევების არქონის პირობებში ნებისმიერი მომხმარებლისთვის, მით უფრო მეწარმეებისთვის, გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნად დავისახეთ. საბოლოო ჯამში, მეწარმეების ფინანსური განათლება დადებითად აისახება საქართველოში სამეწარმეო სექტორის გრძელვადიან და მდგრად განვითარებაზე. მსურს მადლობა გადავუხადო EFSE DF-ის განვითარების პროგრამას, რომელიც ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ასევე, ექსპორტის განვითარების ასოციაციას, რომელმაც მნიშვნელოვანი ექსპერტული მხარდაჭერა გაუწია ეროვნულ ბანკს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
"დავეხმაროთ მეწარმეებს განვითარებაში - ეს ჩვენი მისიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო იდეებითა და ბიზნესის განვითარების პოტენციალით გამორჩეული ქვეყანაა; EFSE-ს განვითარების პროგრამა კი მზადაა უზრუნველყოს მეწარმეები ისეთი რესურსითა და უნარებით, რაც მათ არამხოლოდ საკუთარი საქმის წამოწყებასა და გაფართოებაში დაეხმარება, არამედ ამ გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც", - განაცხადა EFSE-ს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს აშენდორფმა.
პროგრამის ფარგლებში განვითარებული სახელმძღვანელო და დამხმარე ნიმუშები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=706&lng=geo