საქართველოს ეროვნული ბანკმა დაიწყო საგადასახდელო ბალანსის წარმოება და პუბლიკაცია ახალი მეთოდოლოგიით
საქართველოს ეროვნული ბანკი 2014 წლიდან საგარეო სექტორის სტატისტიკის წარმოების ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა. დაწყებული 2014 წლის პირველი კვარტალიდან, საგადასახდელო ბალანსისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის წარმოება მოხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ 2009 წელს შემუშავებული „საგადასახდელო ბალანსი და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია" (BPM6) მე-6 გამოცემის შესაბამისად. 2014 წლის საგარეო სტატისტიკის მონაცემები გამოქვეყნდება ორივე ფორმატში: მე-5 („საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო", 1993 წლის გამოცემა) და მე-6 რედაქციის („საგადასახდელო ბალანსისა და საინვესტიციო პოზიციის სახელმძღვანელო", 2009 წლის გამოცემა) შესაბამისად; ხოლო 2015 წლიდან მხოლოდ მე-6 რედაქციით. ამასთან, გადაისინჯა დინამიკური მწკრივიც (2000 წლიდან) და ისიც 2014 წელს გამოქვეყნდება ორივე მეთოდოლოგიის შესაბამისად.
სსფ-მა ეკონომიკური და ფინანსური განვითარების საპასუხოდ და ანალიტიკური ინტერესების ცვლილებისა და ბალანსის შემდგენლების მიერ დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, საგადასახდელო ბალანსის (მე-5 გამოცემა) სახელმძღვანელოში შეიტანა გარკვეული ცვლილებები და 2009 წელს გამოსცა „საგადასახდელო ბალანსისა და საინვესტიციო პოზიციის სახელმძღვანელო" (BPM6). ამასთან, საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს გადასინჯვა მიმდინარეობდა გაეროს სტატისტიკური კომისიის მიერ „ეროვნულ ანგარიშთა სისტემის" განახლების პარალელურად (რომლის ახალი ვერსია გამოქვეყნდა 2008 წელს), რათა მაკროეკონომიკური სტატისტიკის დარგებს შორის ყოფილიყო მაღალი შესაბამისობა.
2012 წლის აგვისტოდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საერთაშორისო ფინანსების სტატისტიკის მონაცემთა ბაზაში და საგადასახდელო ბალანსის წელიწდეულში დაიწყო საგადასახდელო ბალანსისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება მხოლოდ საგადასახდელო ბალანსის მე-6 რედაქციის ფორმატით.
საქართველოში ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლის სამუშაოები დაიწყო 2009 წლიდან. მე-6 რედაქციაში, მე-5 რედაქციასთან შედარებით კონცეპტუალური საკითხები დარჩა უცვლელი, ამასთან შეიცვალა ზოგიერთი მუხლის დასახელება, პრეზენტაცია და ფორმირება.
საგადასახდელო ბალანსის მე-5 და მე-6 რედაქციებს შორის განხორციელებული ძირითადი ცვლილებების მოკლე მიმოხილვა:
1. აღრიცხვის პრინციპი
2. ინსტიტუციური სექტორები
3. ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების კლასიფიკაცია
4. მიმდინარე ანგარიში