საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ვიდეორგოლების განვითარებას განაგრძობს
24 თებერვალი, 2016
ინფლაცია, საბანკო საქმე, საბალანსო უწყისი, მიწოდების კანონი, მთლიანი შიდა პროდუქტი - ასეთია მორიგი რვა საგანმანათლებლო ვიდეორგოლის შინაარსი, რომელთა განვითარებაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით 2015 წლიდან დაიწყო.
"ხან აკადემიის" (Khan Academy) ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებზე შექმნილი საგანმანათლებლო ვიდეო-გაკვეთილები ყველა ტიპის მსმენელზეა გათვლილი და გარდა ზოგადი ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის გაუმჯობესებისა, მომხმარებელს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო, ინტერაქტიული ვიდეო-მასალის მიწოდება ფინანსური ცოდნის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა.
ვიდეო-გაკვეთილები განსხვავდება შინაარსისა და სირთულის მიხედვით. პირველი ხუთი ვიდეო განიხილავდა მთლიან შიდა პროდუქტსა (მშპ) და მის კომპონენტებს, დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის რთულ და მარტივ მეთოდებს, და ასევე, მოთხოვნის კანონს.
მომავალში დაგეგმილი "ხან აკადემიის" ვიდეო-გაკვეთილები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: სესხზე პროცენტის დარიცხვის სხვადასხვა მეთოდი, ფულის ღირებულება დროში, ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, მონეტარული პოლიტიკა, იპოთეკური სესხები, ბანკის მოგება-ზარალის უწყისი, სავალუტო რეზერვები და ა. შ. "ხან აკადემიის" პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეოების გარდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ჩარჩოსთან ერთად, რომელიც უკვე მოიცავს მომხმარებლებისთვის სავალუტო რისკის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას, და ამ თემაზე შექმნილი საგანმანათლებლო მასალის გავრცელებას, იგეგმება განვითარდეს სებ-ის ვიდეორგოლები, რომლებიც დაეთმობა, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებულ რისკებს და სხვა, ქვეყნისთვის სპეციფიკურ თემებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებისგან მიღებული შეფასება ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს უკეთ განსაზღვროს, თუ რა თემებზე და რა მიდგომებით განაგრძოს ვიდეორგოლების განვითარება.
"აღნიშნულ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების კუთხით, და მომავალში, აუცილებელია ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ ნადარაიამ.
"ხან აკადემიის" ვიდეო-გაკვეთილები ხელმისაწვდომია როგორც სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ YouTube არხზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა გვერდზე. მომდევნო ორი თვის განმავლობაში დამატებით 24 ვიდეოს ჩაწერაა დაგეგმილი. აღნიშნული პროექტი ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE) განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით ხორციელდება. ტექნიკურ დახმარებას კი საქართველოს ეროვნულ ბანკს "მედია ჰაუს დეკომი" უწევს.
"ხან აკადემია" არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, და რომლის მიზანიცაა უფასო, მაღალი ხარისხის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ხან აკადემიის ვიდეო-ლექციები წარმოადგენს მარტივ, მომხმარებლისთვის გასაგები ენით გადმოცემულ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანზე. დღესდღეობით, ხან აკადემიის ვიდეოები თარგმნილია 60–ზე მეტ ენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, სკოლებში.
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) განვითარების ფინანსებში სპეციალიზებული ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ეკონომიკური აღმავლობისა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობაა აღმოსავლეთ ევროპასა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში (European Eastern Neighborhood). EFSE-ს განვითარების პროგრამა (EFSE DF) კი 2006 წელს შეიქმნა, რათა ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული და ინოვაციური ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით ხელი შეუწყოს EFSE-ს საქმიანობას სამიზნე ქვეყნებში.