საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ვიდეორგოლების განვითარებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო ვიდეორგოლების განვითარებას იწყებს

30 დეკემბერი, 2015
ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც ენიჭება, ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური განათლების ერთიან სტრატეგიაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების გავრცელების მიზნით, ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში ახორციელებს, „ხან აკადემიის“ (Khan Academy) ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებზე შექმნილი საგანმანათლებლო ვიდეოების ქართულენოვანი ვერსიების განვითარებაა.

„ხან აკადემიის“ ვიდეო-გაკვეთილები ყველა ტიპის მსმენელზეა გათვლილი და  გარდა ზოგადი ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის გაუმჯობესებისა, მომხმარებელს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო, ინტერაქტიული ვიდეო–მასალის მიწოდება ფინანსური ცოდნის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა.

თავდაპირველად საქართველოს ეროვნულ ბანკს განვითარებული აქვს „ხან აკადემიის“ ხუთი ვიდეოს ქართულენოვანი ვერსია, თუმცა შემდეგი თვეების განმავლობაში იგეგმება მეტი ვიდეოს ჩაწერა. ვიდეოები განსხვავდება სირთულის მიხედვით; პირველი ხუთი ვიდეოს შეფასება ქართულენოვანი მაყურებლის მხრიდან ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს უკეთ განსაზღვროს, თუ რა მიდგომები უნდა შეირჩეს დანარჩენი ვიდეოების განვითარებისას. აღნიშნული ხუთი ვიდეო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი შემადგენელი კომპონენტები; რთული პროცენტი და დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის რთული მეთოდი; მოთხოვნის კანონი. ვიდეოების ქართულენოვანი ვერსიების შექმნა გულისხმობს ინგლისურენოვანი (ორიგინალი) ვიდეო–ლექციების ტექსტის თარგმნას, შინაარსის ოდნავ ცვლილებას, რათა ეს უკანასკნელი უკეთ მოერგოს ქართველ მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებს (და ზოგადად, ადგილობრივ ბაზარს), და ტექსტის შესაბამისი ვიზუალური გაფორმების უზრუნველყოფას.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკური მხარდაჭერა „მედია ჰაუს დეკომმა“ გაუწია. ვიდეოები განთავსებულია სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ Youtube გვერდზე და ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის გვერდზე.

„ხან აკადემია“ არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. „ხან აკადემიის“ მიზანია ყველასათვის უფასო და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის განათლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. „ხან აკადემიის“ ვიდეოები წარმოადგენს მარტივ, მომხმარებლისთვის გასაგები ენით გადმოცემულ ლექციებს სხვადასხვა თემაზე. დღესდღეობით, „ხან აკადემიის“ ვიდეოები თარგმნილია 60-ზე მეტ ენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. „ხან აკადემიის“ ვიდეო–ლექციები აქტიურად გამოიყენება სასკოლო გაკვეთილების ჩატარებისას.
სხვა სიახლეები