საქართველოს ეროვნული ბანკი რეფორმების ექსპორტის განხორციელებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფორმების ექსპორტის განხორციელებას იწყებს

23 ივნისი, 2014
წარმატებული ქართული რეფორმები სხვა ქვეყნებშიც განხორციელდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს საგადახდო სისტემების განვითარების პროექტის დანერგვაში დაეხმარება. პროექტის განხორციელებას ტაჯიკეთში მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, რომელიც ასევე იზრუნებს სპეციალისტთა გადამზადებაზე. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთის ცენტრალურმა ბანკმა არჩევანი საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებულ გამოცდილებაზე შეაჩერა.

საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფორმების ექსპორტის განხორციელების მიზნით, უკვე ეწვივნენ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამა საგადახდო სისტემების თემაზე იმართება, რომელიც მოიცავს საგადახდო სისტემების სფეროში, როგორც სამართლებრივი გარემოს გაცნობას, ისე ამ სფეროს ზედამხედველობის საკითხებსაც.

საქართველოს საგადახდო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მეშვეობით ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ, რაც ფინანსური და ფულადი ბაზრების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი წინაპირობაა. ტაჯიკი სპეციალისტები ქართველი კოლეგებისგან მიიღებენ ინფორმაციას და პროფესიულ რჩევებს ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემების შესახებ. გაეცნობიან საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის, ასევე რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) უპირატესობებს.

რეფორმების ექსპორტის პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების, ფინანსური ბაზრების, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდნენ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს არაერთი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები