საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე ამცირებს

15 ივნისი, 2016
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 15 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით 7.0%-მდე შემცირების შესახებ.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. ინფლაცია 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება.

მაისში წლიური ინფლაცია 2.1%-მდე შემცირდა. ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საბაზო ეფექტის ამოწურვასა და ინფლაციური მოლოდინების შემცირებას. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ასევე მოქმედებს  სუსტი ერთობლივი მოთხოვნა.

ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებასა და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდებშიც გაგრძელდება. მეორე მხრივ, ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა პოტენციური დონის ქვემოთ იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე და ზოგადად  ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დინამიკაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება.
 

*ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2016 წელს 5%-ია, 2017 წელს 4% და შემდგომ წლებში 3%

სხვა სიახლეები