საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 4.5 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 4.5 პროცენტამდე ზრდის

11 თებერვალი, 2015
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. 

მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები. ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება. 

დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 5%-იანი მიზნობრივი ნიშნულის დაბლა შენარჩუნდება 2015 წლის პირველ ნახევარში და მას წლის ბოლოს მიაღწევს. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4 პროცენტი შეადგინა. იანვარში ინფლაციის შემცირება დიდ წილად საწვავის გაიაფებას ასახავს, ხოლო საბაზო ინფლაცია 3.2%-მდე გაიზარდა. პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს. 

საგარეო დისბალანსის დროს გაცვლითი კურსის ცვლილება არის ეკონომიკის ბუნებრივი რეაქცია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურ გამოხატულებაში არ გაუფასურებულა, თუმცა ლარი გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ. რადგან საქართველოში გვაქვს დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება ქმნის ინფლაციის დამატებით რისკებს ინფლაციის მოლოდინების ზრდისა და დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული გაზრდილი შუალედური ხარჯების შედეგად. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური რისკების შესამცირებლად. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 25 მარტს გაიმართება.

სხვა სიახლეები