საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

31 იანვარი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
 
არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის პირველი თვეების განმავლობაში შემცირდება და წლის განმავლობაში საშუალოდ მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. 2017 წლის ბოლოს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას. აღნიშნულის პასუხად  კომიტეტმა 13 დეკემბრის სხდომაზე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს გამყარების ტენდენცია აქვს. თუმცა, წინა პერიოდის გაუფასურების გავლენა ინფლაციაზე ჯერ სრულად არ ამოწურულა. ამასთან, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განეიტრალდება ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. 

2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რომელშიც ერთჯერადი ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი) ფაქტორების გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო. აღნიშნული ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდება. 2018 წელს ინფლაციაზე გავლენას მოახდენს ეგზოგენური  ფაქტორები: კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელზე აისახება იანვრიდან ადმინისტრირებული ფასების (ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების) ზრდა, რომლის გავლენა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტია; საერთაშორისო ბაზრებზე 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ნავთობის ფასების მატება 2018 წელსაც გაგრძელდა და მისი წვლილი წლიური ინფლაციის მაჩვენებელში, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 0.5 პროცენტული პუნქტი იქნება. 

პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორში. საქონლის ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მოცულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინასწარი შეფასებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება 2018 წელსაც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლის შემცირებას.  

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 14 მარტს გაიმართება.

სხვა სიახლეები