საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.5 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.5 პროცენტზე ინარჩუნებს

26 მარტი, 2015
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 25 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს.
 
მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკების შედეგად საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები და მოლოდინები. მიუხედავად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებისა, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებულ შუალედური ხარჯების ზრდაზე აისახა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა. ვინაიდან მნიშვნელოვნადაა შესუსტებული როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე იქნება მოკლევადიანი ხასიათის და არ წარმოქმნის ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის. აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. საშინაო და საგარეო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეტაპობრივად განხორციელდება შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი. 
 
დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ს ფარგლებში იქნება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს. 
 
ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების გაუარესება განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადაცემას საქართველოს ეკონომიკაზეც. იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოდინებების შემცირება. ასევე აშშ დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურების ხარჯების ზრდის გამო შემცირებულია შიდა მოთხოვნა. ამგვარად, შემცირებულია ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა. მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა უარყოფითი რჩება. სავალუტო შემოდინებების კლებით გამოწვეული გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება, სავარაუდოდ, საკმარისი უნდა იყოს იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ერთობლივი მოთხოვნა სუსტი იქნება და არ წარმოქმნის მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება - ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 6 მაისს გაიმართება.

სხვა სიახლეები