საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

26 მარტი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს. 

მიუხედავად განაკვეთის უცვლელად დატოვებისა, კომიტეტი კვლავ მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება, იმ დაშვებით, რომ ეკონომიკური აქტივობა განაგრძობს გაჯანსაღებას ხოლო ინფლაცია უახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა გეოპოლიტიკური რისკები, რაც ეკონომიკისთვის გაურკვევლობის შემცველია, ამ ეტაპზე  კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, უცვლელად შეინარჩუნოს პოლიტიკის განაკვეთი. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებულია მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და  რეგიონალურ  ეკონომიკურ გარემოზე. 

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება და შესაბამისი მომავლის ხედვა დამყარებულია მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, რომლის მიხედვით  ინფლაცია 5 – 6 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2014 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება. აღნიშნული განპირობებულია ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი გაჯანსაღებით, ასევე ეფექტური გაცვლითი კურსის იმპორტირებულ ფასებზე გადაცემისა და ინფლაციაზე მოქმედი საბაზო ეფექტის აღმოფხვრით. კომიტეტის ხედვით აღნიშნული პროგნოზი დაბალანსებულია ორივე მხარეს არსებული რისკებით, თუმცა საქართველოს რეგიონში ბოლო პერიოდში გამწვავებული გეოპოლიტიკური ფაქტორები დამატებით გაურკვევლობის შემცველია ეკონომიკური გარემოსთვის. კერძოდ, რეგიონში ეკონომიკური გარემოს გაუარესება შესაძლოა  საქართველოს ეკონომიკაზე რამდენიმე არხით აისახოს. უმთავრესია ექსპორტზე შემცირებული მოთხოვნა, ასევე ინვესტორთა განწყობა  და ფულადი გზავნილების შემცირება.

რაც შეეხება პროგნოზის წინაპირობას მიმდინარე ტენდენციის თვალსაზრისით, გასული წლის მეოთხე კვარტალიდან გარკვეულწილად უმჯობესდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც ხელს უწყობს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას. ინფლაციის დონე თებერვალში 3.5 პროცენტს შეადგენს. წინასწარი ინდიკატორები მიმდინარე წლის დასაწყისშიც ეკონომიკური აქტივობის ზომიერ ზრდაზე მიუთითებს. საქსტატის შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის წლიურმა ზრდის ტემპმა იანვარში 7.8 პროცენტი  შეადგინა. მიმდინარე მონაცემებით დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება ასევე საგარეო მოთხოვნის მხრიდან, რაც აისახება ექსპორტის ზრდაზე.  

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბებით. საქართველოს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც გრძელვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდის და დაბალი უმუშევრობის საწინდარია. ასევე ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურობას და მის განვითარებას. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 7 მაისს გაიმართება.

სხვა სიახლეები