საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

07 მაისი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს. 
 
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თებერვლის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების ფორმულირების პროცესში, კომიტეტი ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზსა და არსებული რისკების ანალიზს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გაჯანსაღებული ეკონომიკური აქტივობისა და მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს თანდათან უახლოვდება, კომიტეტი კვლავაც მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული პოზიციიდან გამოსვლის საჭიროება. თუმცა, ბოლო პერიოდში წარმოქმნილი გეოპოლიტიკური რისკები გაურკვევლობის შემცველია ეკონომიკური გარემოსთვის, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა ამ ეტაპზე კვლავ გადაწყვიტა განაკვეთის უცვლელად დატოვება. 
 
შიდა მოთხოვნის მხრივ, წლის პირველ კვარტალში დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება. ეკონომიკური აქტივობა ზომიერ ზრდას განაგრძობს: წინასწარი შეფასებით, 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.4 პროცენტი შეადგინა, რაშიც გარკვეულწილად საბაზო ეფექტმაც შეიტანა წვლილი. მიუხედავად მაღალი ზრდისა პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ უარყოფითია. აქვე აღსანიშნავია უკანასკნელ პერიოდში საკრედიტო აქტივობის შედარებით შენელება. 
 
არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციის მაჩვენებლის ეტაპობრივ ცვლილებაზე მიუთითებს და მოსალოდნელია, რომ მიზნობრივ დონეს იგი 2014 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4 პროცენტი შეადგინა. 
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 18 ივნისს გაიმართება.
სხვა სიახლეები