საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

18 ივნისი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 18 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს. 

მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი. აღნიშნული პროცესის ტემპი დამოკიდებულია ეკონომიკური აქტივობისა და მოთხოვნის გაჯანსაღების სისწრაფეზე. ეროვნული ბანკი კვლავაც მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის საჭიროება, თუმცა არსებული პროგნოზებით ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება. შესაბამისად საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.

ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციის მაჩვენებლის ეტაპობრივ მატებაზე მიუთითებს და მოსალოდნელია, რომ 5-6 პროცენტიან მიზნობრივ დონეს იგი 2014 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. მაისში მთლიანმა სფი ინფლაციამ 2.4% შეადგინა.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ექსპორტის ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია, რაც საგარეო მოთხოვნის შესუსტებაზე მეტყველებს. ასევე აღსანიშნავია საკრედიტო აქტივობის ნელი ტემპით ზრდა, რაც შიდა მოთხოვნის არასაკმარის ზრდაზე აისახება. ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე დაბალი ტემპით გამოცოცხლება წარმოადგენს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის ძირითად რისკ-ფაქტორს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 13 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სიახლეები