საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

13 აგვისტო, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 13 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს. 

თებერვლის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყების შესახებ. აღნიშნული პროცესის ტემპი დამოკიდებულია ეკონომიკური აქტივობისა და მოთხოვნის გაჯანსაღების სისწრაფეზე. შემდგომ პერიოდებში გამოიკვეთა რისკები, რომელთა რეალიზაციამ განაპირობა როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო მოთხოვნის არასაკმარისი ზრდა, რამაც შეანელა ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან დაახლოების პროცესი. 

ეროვნული ბანკი კვლავაც მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის საჭიროება. თუმცა, არსებული პროგნოზებით ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდევი იყო. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება. 

გასათვალისწინებელია, რომ შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესს არ ექნება ეკონომიკაზე შემზღუდავი ეფექტი, რამდენადაც პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულზე დაბლა რჩება. თუკი შემდგომი პერიოდების ახალი ინფორმაცია გავლენას არ მოახდენს მიმდინარე პროგნოზებზე და არ გამოიკვეთება ეკონომიკაზე მოქმედი ახალი შოკები, ეკონომიკური ზრდის გაჯანსაღების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად დაუახლოვდება მის ნეიტრალურ დონეს და 2015 წლის ბოლოს 6 პროცენტს მიაღწევს.

ეროვნული ბანკის პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2014 წლის ბოლოს ეტაპობრივად 4 პროცენტს მიაღწევს, ხოლო 5-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს კი - 2015 წლის პირველ ნახევარში. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა. 

წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ს ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, რაშიც მთავარი წვლილი ადგილობრივ მოთხოვნაზე მოდიოდა. რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, იგი კვლავ შესუსტებული რჩება, რაზეც ივლისში საქონლის ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საგარეო მოთხოვნა რისკ-ფაქტორად რჩება და შემდგომი შემცირების შემთხვევაში კლების მიმართულებით იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები