საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს

24 სექტემბერი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 24 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზსა და გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არსებობს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება. კომიტეტის შეფასებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად მოხდება და მისი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. არსებული პროგნოზებით ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2015 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს. თუკი არ გამოიკვეთება ეკონომიკაზე მოქმედი ახალი შოკები, პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი დაუახლოვდება მის ნეიტრალურ დონეს და 2015 წლის ბოლოს 6 პროცენტს მიაღწევს. 

მეორე კვარტალში რეალური მშპ 5.2  პროცენტით გაიზარდა და წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში ძირითადი წვლილი ადგილობრივ მოთხოვნაზე მოდიოდა. წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკური ზრდა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო, თუმცა ზრდა შეფერხდა მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. საგარეო რისკების ფონზე, ეკონომიკური ზრდა მყიფეა, ხოლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა ჯერ არ იკვეთება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც გრძელვადიანად მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის, დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და მაღალი დასაქმების აუცილებელი პირობაა. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 19 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები