საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს
19 ნოემბერი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 19 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.
ინფლაციის პროგნოზი შემცირდა მპკ-ს წინა სხდომის შემდეგ მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით. მონაცემის ცვლილება უმთავრესად უკავშირდება რეგიონსა და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსა და მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე ფასების შემცირებას. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მიიღო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.
მიუხედავად ინფლაციის პროგნოზის შემცირებისა, კვლავაც არსებობს საშუალოვადიან პერიოდში შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის საჭიროება. განახლებული პროგნოზით ინფლაცია 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს მიაღწევს. ოქტომბრის წლიური ინფლაცია 3.4 პროცენტს შეადგენს.
წინასწარი შეფასებით მესამე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს. პროგნოზებთან შესაბამისობაშია პირველი სამი კვარტალის განმავლობაში წინასწარი მონაცემებით ნაჩვენები მშპ-ს ზრდა. გამოშვების გაპი უარყოფითია, თუმცა შემცირების დინამიკით ხასიათდება. ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს იმპორტის ზრდის მაჩვენებელიც. მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო აქტივობა ზრდას განაგრძობს, მათ შორის გამოიკვეთა ბიზნეს სესხების საგრძნობი მატება.
რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, იგი შემცირებას განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით ექსპორტი ოქტომბერში 5.2 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ეკონომიკებში გაუარესებული ვითარების ფონზე, საგარეო მოთხოვნა კვლავ მთავარ რისკ-ფაქტორად რჩება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 17 დეკემბერს გაიმართება.