საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.0 პროცენტზე ინარჩუნებს
17 დეკემბერი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.
ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების მნიშვნელოვანი გაუარესება, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც. წინასწარი ინფორმაციით, ნოემბერში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირება. მიუხედავად აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურებისა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. ამას ემატება მსოფლიოში სასაქონლო ფასების ზოგადი შემცირების ტენდენციაც და შესაბამისად, მიმდინარე დაკვირვებებით, ინფლაციური ზეწოლის მნიშვნელოვანი გაძლიერება არ არის მოსალოდნელი.
არსებული პროგნოზებით ინფლაცია 5 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი კვლავაც განიხილავს შერბილებული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის შესაძლებლობას. თუმცა, ამავე დროს აფასებს რეგიონში გართულებული მდგომარეობის უარყოფით გავლენას საგარეო მოთხოვნაზე, მის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე და ამ ეტაპზე ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.0 პროცენტის დონეზე. 2014 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 11 თებერვალს გაიმართება.