საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღნიშვნას ყვარლის ფულის მუზეუმიდან იწყებს
20 მაისი, 2016
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ყვარლის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
ახალგაზრდები ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გაეცნენ ქართული ფულის ისტორიას და გაიღრმავეს ცოდნა ლარის, როგორც ეროვნული ვალუტის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოსა და ატრიბუტის შესახებ. ასევე გაეცნენ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებს, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი მუზეუმში.
დღესვე ფულის მუზეუმში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "ქARTული ფული", რომელიც დამთვალიერებელს საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, მიმოქცევიდან ამოღებულ და მოქმედ ფულად ნიშნებთან ერთად, სტუმრებს განადგურებული ფულისგან დამზადებული ლარის სიმბოლოს კონსტრუქციის და შესაბამისი ფოტომასალის ნახვა შეეძლოთ, რომელიც მიზნად ისახავს განადგურებული ფულის ხელოვნებაში გაცოცხლებას. აღსანიშნავია, რომ ამ ორიგინალური იდეის ავტორები ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან.
"ეროვნული ბანკი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღნიშვნას და სპეციალურად ამ ღონისძიების კვირეულის ფარგლებში, ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს და საკმაოდ საინტერესო გამოფენას მასპინძლობს. ვფიქრობთ, სიმბოლურია რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნა სწორედ ფულის მუზეუმიდან დაიწყო, ვინაიდან, ის ერთადერთია საქართველში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში. ვფიქრობთ ამ მხრივ დღევანდელი დღე ჩვენი სტუმრებისთვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იქნება", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი კიდევ ერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 26 მაისს რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება, სადაც მოეწყობა ქართული ფულის გამოფენა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს.