საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს

04 მაისი, 2020
არასაბანკო სექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ვიდეო კონფერენციის ფორმატში ამჯერად სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა მომსახურების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს. ასევე იმსჯელეს, საქმიანობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაიწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებით არის განპირობებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კომუნიკაციას არასაბანკო სექტორთან, რათა ახალი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მინიმალური დანაკარგებით დაძლევის მიზნით, მისი მანდატის ფარგლებში აღმოუჩინოს მხარდაჭერა.
 
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სხვა სიახლეები