საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებული პროექტებით ავსტრიის ცენტრალური ბანკი დაინტერესდა
06 მაისი, 2015
6 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საკასო ცენტრის მონახულების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ავსტრიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები - რობერტ რუპში და ანტონ შაუზერი ეწვივნენ.
ავსტრიის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი მელაშვილს შეხვდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს საკასო ცენტრის შენობა. ქართველმა სპეციალისტებმა ავსტრიელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს წარმატებული პროექტის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
„ვფიქრობ, მისასალმებელი და საყურადღებოა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრით დაინტერესება ისეთი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც ავსტრიის ცენტრალური ბანკია. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება, ვინაიდან მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, თავისი ფუნქციონალით და აღჭურვილობით ის ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, აპრილის თვეში, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს მოლდოვას ცენტრალური ბანკის დელეგაცია სტუმრობდა.