საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

07 მარტი, 2014

7 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია“ წარადგინა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მასუდ აჰმედმა, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა ზდენიეკ ტუმამ და სხვა მაღალი რანგის მომხსენებლებმა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში, ჩეხეთსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის განვითარების ეტაპები.

„დღევანდელი კონფერენცია ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი არის ეროვნული ბანკის გამჭვირვალობის და ტრანსფარანტულობის უზრუნველყოფა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია. ამაზე მიუთითებს თუნდაც იმ ინფორმაციის ოდენობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე. რაც მთავარია, ჩვენი გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესსექტორისთვის, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან ზუსტად იცოდნენ რა დევს ჩვენი გადაწყვეტილებების უკან და სწორი ანალიზი და პროგნოზი გააკეთონ, სწორად შეაფასონ რისკები, რაც მათ ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. მეორე მიზანია, საქართველო და თბილისი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი, ამას სჭირდება ძალიან თანმიმდევრული და დაუღალავი შრომა ბევრი მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება ზუსტად არის ის, რომ თბილისში მუდმივად იმართებოდეს კონფერენციები და იყოს ადგილი, სადაც რეგიონის სხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, მუდმივად ჩამოვლენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, გაეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს და მიიღებენ ამის შესახებ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სებ-ის მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა. მათი განცხადებით, საქართველოს ერონული ბანკი ახორციელებს სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. სწორედ ამდაგვარი პოლიტიკის შედეგად აღწევენ ქვეყნები მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, ხელმისაწვდომ და იაფ საბანკო პროდუქტებს, აღნიშნეს გამომსვლელებმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია აღწერს მონეტარული პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოში და მისი განვითარების მიმართულებებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა: „ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რასაც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით აღწევს. რაც უფრო ეფექტიანია მონეტარული პოლიტიკა, მით უფრო დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯითაა შესაძლებელი ფასების სტაბილურობის მიღწევა. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის კიდევ უფრო ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის“.

როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ეყრდნობა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. „ეფექტიანი ინფლაციის თარგეთირებას ბევრი კომპონენტი აქვს, რომელთა გაუმჯობესება მუდმივი პროცესია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრესი ბაზრის განვითარებისა და სწორი ფუნდამენტის მშენებლობით იყოს მიღწეული და არა რაიმე ადმინისტრაციული მეთოდებით. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ერთ-ერთ უპირატესობას მისი გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სიმარტივე წარმოადგენს, ვინაიდან წინასწარ დადგენილი ერთი მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი და შეიქმნას სწორი მოლოდინები მონეტარული პოლიტიკის მიმართულების შესახებ“.

ამჟამად საქართველო წარმოადგენს მზარდ ეკონომიკას და მსგავსი ტიპის ეკონომიკისთვის  დამახასიათებელია ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპი, 2014 წლისთვის ეროვნულმა ბანკმა მიზნობრივი ინფლაცია განსაზღვრა 6 პროცენტით, 2014-2015 წლებისათვის კი - 5 პროცენტით. გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებულ ქვეყნებთან დაახლოების პარალელურად, ეტაპობრივად შემცირდება ინფლაციის ოპტიმალური დონე და შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შემცირდება მის გრძელვადიან დონემდე. 

მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიაზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოში მოქმედ მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ჩვენი ქვეყანა  წარმოადგენს მცირე ზომის ღია ეკონომიკას, რომელიც არის მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი. საკამათო არ არის, რომ საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გულისხმობს სავალუტო ბაზარზე მინიმალურ ჩარევას. სავალუტო ინტერვენციების მიზანია კაპიტალის დროებითი, ჭარბი ნაკადების გამო გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევების შემცირება და კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო დაფინანსებებს შორის დისბალანსის ნაწილობრივ კორექტირება გრძელვადიან პერიოდში“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები