საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია
31 აგვისტო, 2020
საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა. S&P-ის შეფასებით, გამოწვევებით სავსე საგარეო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შეინარჩუნა, სწრაფად გაუმკლავდა ცვალებად საგარეო ვითარებას და რეალური გაცვლითი კურსის მკვეთრი და დამაზიანებელი რყევები აირიდა. S&P-ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსი - ცალკეული ინტერვენციებით - ეკონომიკური სტაბილურობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინა პერიოდებში, შესუსტებული საგარეო ეკონომიკური გარემოს საპასუხოდ, გაცვლითი კურსი სწრაფად დაკორექტირდა, რითაც თავიდან იქნა აცილებული მკვეთრი ერთჯერადი ცვლილებები. ამან ხელი შეუწყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და საშუალება მისცა საქართველოს, თავიდან აეცილებინა დაკრედიტების მკვეთრი შენელება, რასაც ბოლო წლებში რეგიონის სხვა ქვეყნებში ჰქონდა ადგილი და რამაც მათი ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა.
საქართველოში მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ეკონომიკის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჭარბი მერყეობების შესამცირებლად ეროვნული ბანკი პერიოდულად ინტერვენციებს ახორციელებს.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. "ეროვნული ბანკის უცხოური რეზერვების მოცულობა 2016 წლიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 250 მილიონი აშშ დოლარით იზრდებოდა, რაც საგადასახდელო ბალანსის რისკების საწინააღმდეგო ბუფერს ქმნის. ჩვენი შეხედულებით, რეგიონულ კონტექსტში, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანია. 2020 წლის პირველ ნახევარში, დროებითი ზრდისა და მერყეობების მიუხედავად, ინფლაცია თანმიმდევრულად დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა და 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ზე ნაკლები იყო."
დოლარიზაციის მაღალი დონე გამოწვევად რჩება. ბოლო წლებში შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისთვის კვლავ დაბრკოლებას წარმოადგენს. სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ხელისუფლების ღონისძიებებს, რომლებიც ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებისაკენ არის მიმართული, რაც მოიცავს ეროვნული და უცხოური ვალუტის ვალდებულებებისათვის განსხვავებულ ლიკვიდობის მოთხოვნებს, საპენსიო რეფორმის განხორციელებას, ადგილობრივი სავალო და კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და დეპოზიტების დაზღვევის შემოღებას.