საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

31 მარტი, 2014

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -16.3 მლრდ აშშ დოლარი (-28.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -101.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 545.6 მლნ აშშ დოლარით (907.4 მლნ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით - 167.0 მლნ აშშ დოლარით (281.5 მლნ ლარით) შემცირდა. 2013 წლის მეოთხე კვარტალის განმავლობაში ოპერაციული და ფასის ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილება - დადებითი. 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.0 მლრდ აშშ დოლარია (10.5 მლრდ ლარი). მათში 46.9 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 30.0 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 22.7 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 0.5 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 21.2 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 6.1 - პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 2.5 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 251.1 მლნ აშშ დოლარით (423.2 მლნ ლარით) შემცირდა და 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2.8 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების კვარტალური ცვლილებიდან -252.7 მლნ აშშ დოლარი (-426.0 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო,  -1.5 მლნ აშშ დოლარი (-2.6 მლნ ლარი) ფასის ცვლილება, 3.2 მლნ აშშ დოლარი (5.4 მლნ ლარი) - კი საკურსო ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მეოთხე კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 22.3 მლრდ აშშ დოლარი (38.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 772.0 მლნ აშშ დოლარით (1.3 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 281.6 მლნ აშშ დოლარით (474.7 მლნ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე­ბისადმი ვალდებულებები, წინა კვარტალთან შედარებით ოპერაციული ცვლილებით 220.6 მლნ აშშ დოლარით (371.8 მლნ ლარით) გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან საკურსო ცვლილებას. შედეგად პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში კვარტალურად 9.1 მლნ აშშ დოლარით (15.3 მლნ ლარით) შემცირდა და 11.7 მლრდ აშშ დოლარს (20.3 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 147.7 მლნ აშშ დოლარით (248.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. აღნიშნული ზრდის მიზეზი იყო საბანკო სექტორის მიერ ახალი ობლიგაციების განთავსება. 2013 წლის დეკემბრის ბოლოს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებებში 543.0 მლნ აშშ დოლარი (942.8 მლნ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 571.5 მლნ აშშ დოლარი (992.3 მლნ ლარი) -  საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 262.0 მლნ აშშ დოლარი (454.9 მლნ ლარი) -  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელსაც ფლობენ არარეზიდენტები, სულ - 15.9 მლნ აშშ დოლარი (27.6 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების ვალდებულებების კვარტალურმა ზრდამ 143.1 მლნ აშშ დოლარი (241.1 მლნ ლარი) შეადგინა და 8.7 მლრდ აშშ დოლარს (15.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.7 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები კვარტლის განმავლობაში 36.3 მლნ აშშ დოლარით (61.2 მლნ ლარით) შემცირდა და 115.8 მლნ აშშ დოლარი (201.1 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები საანგარიშო კვარტალში 106.9 მლნ აშშ დოლარით (180.1 მლნ ლარით) გაიზარდა გრძელვადიანი ვალდებულებების მატების ხარჯზე. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის მომსახურება, რომლის საოპერაციო ცვლილებამ -49.6 მლნ აშშ დოლარი (-83.6 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად გაიზარდა საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები, ძირითადად მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებების აკუმულირების ხარჯზე და 2013 წლის დეკემბრის ბოლოს 1.3 მლრდ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) უტოლდება. 7.1 მლნ აშშ დოლარით (11.9 მლნ ლარით) არის შემცირებული სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.8 მლრდ აშშ დოლარს  (3.1 მლრდ ლარს) უტოლდება. გასულ პერიოდთან შედარებით გაიზარდა ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 36.9 მლნ აშშ დოლარით (62.2 მლნ ლარით), და მეოთხე კვარტალის ბოლოს 906.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

2013 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 221.7 მლნ აშშ დოლარი (385.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები