საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

30 ივნისი, 2014
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით -16.4 მლრდ აშშ დოლარი (-28.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -101.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 595.7 მლნ აშშ დოლარით (1.0 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით - 294.7 მლნ აშშ დოლარით (515.5 მლნ ლარით) შემცირდა. 2014 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ოპერაციული და ფასის ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილება - დადებითი. 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.8 მლრდ აშშ დოლარია (10.1 მლრდ ლარი). მათში 45.1 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 29.7 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 24.1 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 1.0 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 21.3 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 6.1 - პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 2.0 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 224.8 მლნ აშშ დოლარით (393.3 მლნ ლარით) შემცირდა და 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით 2.6 მლრდ აშშ დოლარი (4.5 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების კვარტალური ცვლილებიდან -228.8 მლნ აშშ დოლარი (-400.3 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო,  -0.3 მლნ აშშ დოლარი (-0.6 მლნ ლარი) ფასის ცვლილება, 4.4 მლნ აშშ დოლარი (7.6 მლნ ლარი) - კი საკურსო ცვლილება. 2014 წლის პირველ კვარტალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოუშვა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები, სულ 50 მლნ ლარის ღირებულების, რომელიც ქართულმა კომერციულმა ბანკებმა შეიძინეს.

რაც შეეხება ვალდებულებებს, პირველი კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 22.2 მლრდ აშშ დოლარი (38.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 618.7 მლნ აშშ დოლარით (1.0 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 182.1 მლნ აშშ დოლარით (318.6 მლნ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა კვარტალთან შედარებით ოპერაციული ცვლილებით 271.7 მლნ აშშ დოლარით (475.4 მლნ ლარით) გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ადგილი ქონდა უარყოფით საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებებს. შედეგად ვალდებულებები პირდაპირი ინვესტიციების სახით საქართველოში კვარტალურად 182.1 მლნ აშშ დოლარით (318.6 მლნ ლარით) გაიზარდა და 11.7 მლრდ აშშ დოლარს (20.4 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 57.5 მლნ აშშ დოლარით (100.6 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი) შეადგინა. 2014 წლის მარტის ბოლოს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებებში 560.4 მლნ აშშ დოლარი (979.4 მლნ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 575.5 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) - საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 268.6 მლნ აშშ დოლარი (469.4 მლნ ლარი) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელსაც ფლობენ არარეზიდენტები, სულ - 14.5 მლნ აშშ დოლარი (25.3 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების ვალდებულებების კვარტალურმა კლებამ 198.4 მლნ აშშ დოლარი (347.0 მლნ ლარი) შეადგინა და 31 მარტის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარს (14.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.6 მლრდ აშშ დოლარი (11.5 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 38.7 მლნ აშშ დოლარით (67.7 მლნ ლარით) შემცირდა და 77.1 მლნ აშშ დოლარი (134.7 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად შემცირებულია სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 26.6 მლნ აშშ დოლარით (46.6 მლნ ლარით). 2014 წლის პირველი კვარტალში მთავრობის გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები გაიზარდა 22.4 მლნ აშშ დოლარით (39.2 მლნ ლარი), ამასთან მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის მომსახურება, რომლის საოპერაციო ცვლილებამ -49.7 მლნ აშშ დოლარი (-87.0 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად შემცირდა საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებების დაფარვის ხარჯზე და 2014 წლის მარტის ბოლოს 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) უტოლდება. 9.5 მლნ აშშ დოლარით (16.6 მლნ ლარით) არის შემცირებული სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1.8 მლრდ აშშ დოლარს  (3.1 მლრდ ლარს) უტოლდება. გასულ პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 9.7 მლნ აშშ დოლარით (16.9 მლნ ლარით), და პირველი კვარტალის ბოლოს 896.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა. 

2014 წლის მარტის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 222.6 მლნ აშშ დოლარი (389.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები