საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

31 მარტი, 2015

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -17.1 მლრდ აშშ დოლარი (-31.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -103.6 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 მლრდ აშშ დოლარით (1.8 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით  95.9 მლნ აშშ დოლარით (172.9 მლნ ლარით) შემცირდა. 2014 წლის მეოთხე კვარტალის განმავლობაში საოპერაციო და სხვა ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილება - დადებითი. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.1 მლრდ აშშ დოლარია (11.4 მლრდ ლარი). მათში 44.0 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 30.2 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 24.7 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 1.1 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 20.1 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების (სარეზერვო აქტივების ნაღდი ფულისა და დეპოზიტების გარდა) წილად მოდის; 6.7 - პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 3.2 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 2.0 მლნ აშშ დოლარით (3.6 მლნ ლარით) შემცირდა და 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2.7 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების კვარტალური ცვლილებიდან 34.9 მლნ აშშ დოლარი (65.0 მლნ ლარი) საოპერაციო ცვლილება იყო, 0.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლნ ლარი) ფასის ცვლილება, -37.6 მლნ აშშ დოლარი (-70.1 მლნ ლარი) - კი საკურსო ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მეოთხე კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 23.3 მლრდ აშშ დოლარი (43.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით (2.0 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 51.3 მლნ აშშ დოლარით (92.5 მლნ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე­ბისადმი ვალდებულების ცვლილება  საოპერაციო ნაწილში  349.2 მლნ აშშ დოლარით (629.7 მლნ ლარით) გაიზარდა. ამავე პერიოდში საოპერაციო, ფასის და სხვა ცვლილებებიც დადებითი იყო, ხოლო საკურსო ცვლილება უარყოფითი და -439.3 მლნ. აშშ დოლარი (-792.5 მლნ ლარი) შეადგინა. შედეგად, ვალდებულებები პირდაპირი ინვესტიციების სახით საქართველოში კვარტალურად 49.7 მლნ აშშ დოლარით (89.7 მლნ ლარით) შემცირდა და 12.2 მლრდ აშშ დოლარს (22.8 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 90.1 მლნ აშშ დოლარით (162.4 მლნ ლარით) შემცირდა და 2.2 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. 2014 წლის დეკემბრის ბოლოს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებებში 532.3 მლნ აშშ დოლარი (992.0 მლნ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, ხოლო 829.3 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) - სახელმწიფო კომპანიების ობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელსაც ფლობენ არარეზიდენტები, სულ - 19.5 მლნ აშშ დოლარი (36.3 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების ვალდებულებების კვარტალურმა მატებამ 191.1 მლნ აშშ დოლარი (344.6 მლნ ლარი) შეადგინა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 8.8 მლრდ აშშ დოლარს (16.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.7 მლრდ აშშ დოლარი (12.4 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 5.2 მლნ აშშ დოლარით (9.3 მლნ ლარით) შემცირდა და 42.6 მლნ აშშ დოლარი (79.4 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად გაზრდილია სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 132.8 მლნ აშშ დოლარით (239.6 მლნ ლარით). 2014 წლის მეოთხე კვარტალში მთავრობის სხვა გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები (ფონდის კრედიტებისა და სესხების გარდა)  გაიზარდა 112.1 მლნ აშშ დოლარით (202.3 მლნ ლარი), ამასთან მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის მიღება, რომლის საოპერაციო ცვლილებამ 22.4 მლნ აშშ დოლარი (40.4 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად 81.3 მლნ აშშ დოლარით (146.7 მლნ ლარი) შემცირდა საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები და 2014 წლის დეკემბრის ბოლოს 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. 29.9 მლნ აშშ დოლარით (54.0 მლნ ლარით) არის შემცირებული სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.8 მლრდ აშშ დოლარს  (3.3 მლრდ ლარს) უტოლდება. გასულ პერიოდთან შედარებით გაიზარდა ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 81.9 მლნ აშშ დოლარით (147.8 მლნ ლარით), და მეოთხე კვარტალის ბოლოს 1.0 მლრდ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა.

2014 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 208.6 მლნ აშშ დოლარი (388.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები