საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, -17.5 მლრდ აშშ დოლარი (-39.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -112.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 607.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 356.7 მლნ აშშ დოლარით. 2015 წლის მეორე კვარტალის განმავლობაში საოპერაციო და სხვა ცვლილება უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილება - დადებითი.
2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.4 მლრდ აშშ დოლარია(14.3 მლრდ ლარი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 305.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 23.8 მლრდ აშშ დოლარი (53.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით 662.2 მლნ აშშ დოლარით მეტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304