საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე
16 აპრილი, 2018
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ლარიზაციის ზრდისკენ. სსფ მისია ასევე მხარს უჭერს ფინანსური სტაბილურობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს, რეგულირების და ზედამხედველობის გაუმჯობესებას. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სსფ-ს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის მისიის დონეზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სსფ თანამშრომლებმა დაასრულეს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის მეორე მიმოხილვის და მეოთხე თავის კონსულტაციების მისია. საქართველომ შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესებულია პირველი მიმოხილვის დროს არსებულ პროგნოზებთან შედარებით. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა 2017 წელს უფრო მაღალი იყო და გაიზარდა 2018 წლის პროგნოზიც, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - ეს მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული. ჯამში, სავალუტო ფონდთან პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სსფ-ს მისიასთან შეხვედრის ფარგლებში ინფლაციის დინამიკაზე იმსჯელეს. 2017 წელს ინფლაცია დროებით მიზნობრივ მაჩვენებელს მაღლა შენარჩუნდა, რაც ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის დასაწყისში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და ეროვნული ბანკის მიზნობრივ ნიშნულ - 3 პროცენტზე - ქვევით არის. სსფ მისიის პროგნოზით, ინფლაცია მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს შენარჩუნდება. სსფ-ს მისიამ ხაზი გაუსვა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის მნიშვნელობას ეკონომიკის საგარეო შოკებისაგან დასაცავად. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო რეზერვების არსებული დონე ჯერ კიდევ ჩამორჩება სსფ-ს კომპოზიტური მაჩვენებლის მიერ რეკომენდირებულ ნიშნულს, აუცილებელია გაგრძელდეს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა. ასევე აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერება. 2016 წლის ბოლოს გამოცხადებულმა ლარიზაციის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის ეტაპობრივ შემცირებას, თუმცა დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალია. სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ლარიზაციის ზრდისკენ. სსფ მისია ასევე მხარს უჭერს ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისათვის განხორციელებულ ცვლილებებს, რომელთა მიზანია, ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს, რეგულირების და ზედამხედველობის გაუმჯობესება. კერძოდ, მნიშვნელოვანი იყო მაკროპრუდენციული პოლიტიკის გააქტიურება, კაპიტალის დამატებითი მოთხოვნების შემოღება ბაზელ III ჩარჩოს ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ჯგუფებზე ზედამხედველობის განხორციელება, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობისა და რეგულირების გაძლიერება და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს, უკეთ გაუმკლავდეს შოკებს და გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობა. სსფ ასევე მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებისა და ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიმართულებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.