საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისია ეროვნული ბანკის საქმიანობას წარმატებულად აფასებს
06 ივნისი, 2014
საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისია, რომელსაც ელაიას კაზარიანი და აურორა ფერარი ხელმძღვანელობდნენ, თბილისს 20 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში სტუმრობდნენ. მისიის მიზანი „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის“ (FSAP) ფარგლებში შეფასების ჩატარება იყო. FSAP-ის ფარგლებში განხორციელდა ფინანსური სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება სისტემურ რისკებთან მიმართებაში. გაანალიზდა საზედამხედველო ჩარჩო, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის შემუშავებული გეგმები და ფინანსური სექტორის განვითარებაზე მიმართული ზომები. ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ვიცე-პრემიერ და ეკონომიკური განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან, ასევე მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირებსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლებთან. გარდა ამისა მისიის წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მისიის დასასრულს ბატონმა კაზარიანმა და ქალბატონმა ფერარიმ შემდეგი განცხადება გააკეთეს:
საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებსა და რეგიონულ არასტაბილურობას. უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გეგმის, სუვერენული შემოსავლიანობის სპრედების კლებადი და სტაბილური მაჩვენებლებისა და საბანკო სექტორის დოლარიზაციის შემცირების ფონზე, დადებითი საშუალოვადიანი პერსპექტივები იკვეთება.
უკანასკნელ წლებში, საქართველოს საბანკო სისტემამ მდგრადობა გამოავლინა, თუმცა ამავე დროს, იკვეთება სხვადასხვა რისკი და სისუსტეც, რომელთაც მუდმივად აქტიური მონიტორინგი და მართვა ესაჭიროება. ამ რისკებს შორისაა ისტორიულად არსებული სისუსტეები, რომლებიც უკავშირდება დოლარიზაციას, ლიკვიდობასა და სესხების კონცენტრაციას, რასაც სისტემის მიერ სხვადასხვა შოკთან გამკლავების უნარის დასუსტება შეუძლია. თუმცა ამ ეტაპზე, აღნიშნული რისკები ძირითადად მიტიგირებულია.
საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კონსერვატული მიდგომის შენარჩუნებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დანერგა რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის მოწინავე რეჟიმი, რომელიც რისკების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებასა და საზედამხედველო რესურსების ყველაზე ეფექტიანად და ეფექტურად გადანაწილებას ემსახურება. საზედამხედველო მიმართულების მთელი სპექტრის გასწვრივ მიღწეული ამ მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საჭიროა მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება.
ფინანსურმა შუამავლობამ საქართველოში ინვესტიციების, დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის პროცესში ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს. მართალია, საბანკო სექტორი კერძო სექტორისთვის ფინანსების მიწოდების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა უფრო დაბალანსებული საფინანსო სისტემის სტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად, ასევე საჭიროა მთლიანად ფინანსური სექტორის უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგიის დასახვა და დროული ნაბიჯების გადადგმა, რაც მეტად შეუწყობს ხელს ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დანაზოგების ზრდას.
არასაბანკო ფინანსურ სექტორს აკლია მასშტაბი და ფინანსური შესაძლებლობები, რაც აუცილებელია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების მხრივ არსებული ნაპრალის ამოსავსებად. გარდა ამისა, ბაზარზე ფინანსური მომსახურების ბევრი ისეთი მიმწოდებელი არსებობს, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება.
მისია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ინტერესს - შეიმუშავოს ფინანსური სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი რეფორმა და სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს: მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ქვედა სეგმენტის დაკრედიტების მხრივ არასაბანკო ფინანსური სექტორის განვითარება და საბანკო სექტორთან მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ასევე, სადაზღვევო სექტორისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამოცოცხლებისა და განვითარების ხელშეწყობა.
ხელისუფლებამ ფულის გათეთრების აღკვეთის კანონის გაუმჯობესებისთვის გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ასევე, შეცვალა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინსტიტუციური დაქვემდებარება. რისკების მიტიგაციისათვის, მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონალური დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
“ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა“ (FSAP), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, ქვეყნის ფინანსური სექტორის სიღრმისეულ ანალიზს წარმოადგენს. განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებში, აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პერსონალი ერთობლივად ახორციელებს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - FSAP-ს მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პერსონალი ატარებს. FSAP-ი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ფინანსური სტაბილურობის შეფასება და ფინანსური განვითარების შეფასება. სტაბილურობის შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ პასუხისმგებლობას წარმოადგენს და შემდეგი სამი კომპონენტის შეფასებას მოიცავს: (1) მოკლევადიან პერსპექტივაში მაკროფინანსური სტაბილურობის წინაშე მდგარი ძირითადი რისკების წყარო, ალბათობა და პოტენციური ზეგავლენა; (2) ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩო და (3) კონკრეტული პრობლემების დადგომის შემთხვევაში ხელისუფლების მიერ ფინანსური კრიზისის მართვის და გადაწყვეტის უნარი. FSAP-ის განხორციელებისას, მსოფლიო ბანკის მთავარი მოვალეობა – განვითარების შეფასება – სხვადასხვა სექტორსა და თემას ეხება და ფინანსური სექტორის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის საშუალოვადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე ახდენს კონცენტრირებას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, ხდება ფოკუსირება ფინანსური სექტორის ეფექტიანობაზე, სიჯანსაღესა და მთავარ სისუსტეებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მის მიერ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ განვითარებაში შეტანილ წვლილზე. მართალია, FSAP-ის ფარგლებში არ ხდება ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობის შეფასება და ასევე, ფინანსური კრიზისის პროგნოზირება ან პრევენცია, თუმცა აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ხორციელდება იმ ძირითადი სუსტი მხარეების იდენტიფიცირება, რომლებსაც ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ:http://www.imf.org/external/np/exr/facts/fsap.htm და www.worldbank.org/fsap