საგანმანათლებლო პროექტი ფინანსური განათლების თემაზე
02 დეკემბერი, 2016
სამეწარმეო განათლების გავრცელება და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლება - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ. პროექტის ფარგლებში დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილიმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პროექტი მიზნად ისახავს თბილისსა და რეგიონებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მაღალი კლასის მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას.
"ფინანსური განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ფინანსური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში. ფინანსური ინსტიტუტები კი იღებენ ინფორმირებულ მომხმარებლებს, რაც მათთვის შემცირებულ რისკებს გულისხმობს. სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სწორედ ამიტომაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.