რეფორმების ექსპორტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია
17 ივლისი, 2014
16-18 ივლისს, საერთაშორისო რეზერვების მართვის სფეროში გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია. რეზერვების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვამდე ყირგიზეთის ცენტრალურმა ბანკმა არჩევანი საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებულ რეფორმაზე შეაჩერა.
დღეს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე შეხვდა და საქართველოს ეროვნული ბანკში გატარებული ბოლო დროინდელი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული დრო საერთაშორისო რეზერვების მართვის ავტომატიზებულ სისტემას და მის უპირატესობებზე საუბარს დაეთმო.
საერთაშორისო რეზერვების მართვის თანამედროვე სისტემა, რომლის დანერგვა საქართველოს ეროვნულ ბანკში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 2011 წელს დასრულდა. სისტემა უზრუნველყოფს ოპერატიულობას და ეფექტურობას, ამცირებს საოპერაციო რისკებს და ზრდის რეზერვების შემოსავლიანობას. ანალოგიური სისტემა მსოფლიოს 30 ქვეყნის ცენტრალურ ბანკში მუშაობს, მათ შორის: გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ისრაელის, პოლონეთის ცენტრალურ ბანკებში.
რეფორმების ექსპორტის პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების, საგადახდო სისტემების, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფორმების ექსპორტის განხორციელების მიზნით, უკვე ეწვივნენ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. მათთვის სასწავლო პროგრამა საგადახდო სისტემების თემაზე გაიმართა. მანამდე კი, ქვეყნის მთავარ ბანკს სტუმრობდნენ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს არაერთი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.