ნათია თურნავა გერმანული ვესტფალია-ლიპეს შპარკასეს ასოციაციის დელეგაციას შეხვდა

ნათია თურნავა გერმანული ვესტფალია-ლიპეს შპარკასეს ასოციაციის დელეგაციას შეხვდა

16 აპრილი, 2024

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გერმანული ვესტფალია-ლიპეს "შპარკასეს" ასოციაციის (Sparkasse Association of Westphalia-Lippe) დელეგაციას უმასპინძლა. "შპარკასეს" ასოციაცია გერმანული ფონდი "შპარკასე" საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (DSIK) საქართველოს ოფისის პარტნიორია. თავის მხრივ გერმანული ფონდი შპარკასე (DSIK) და საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ ფინანსური განათლებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე.
                                                                                                 

"აქტიურად ვმუშაობთ  მდგრადი დაფინანსების საკითხებზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს სწორედ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, გუნდური მუშაობით მივაღწიეთ. ეროვნული ბანკი რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული. "შპარკასე" ჩვენი ერთგული პარტნიორია და ამ ტრანსფორმაციულ პროცესში მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

გერმანელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ პროექტის აქტივობებსა და მათ შედეგებს, განსაკუთრებით კი ფინანსური განათლების პროექტების მიმდინარეობას და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს (ESG). ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა გერმანული ფონდი "შპარკასეს" ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოს საფინანსო სექტორში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გამარტივებისთვის შეიმუშავეს ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორებიცაა - რისკის რადარი, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების (ESG) საკრედიტო რისკების შეფასების ინსტრუმენტი, ESG ანგარიშების მომზადების სახელმძღვანელო და ინსტრუმენტი ფინანსური ემისიების გამოსათვლელად. ამგვარად, საქართველო რეგიონში მოწინავეა ამ მიმართულებით.

 

"შპარკასეს" ფინანსური ჯგუფი 510 ინსტიტუციით, დაახლოებით 11,000 ფილიალით, 291,000 თანამშრომლითა და 3,330 მილიარდი ევროს ოდენობის მთლიანი ბიზნესის მოცულობით, ყველაზე დიდი ფინანსური სერვისების მიმწოდებელია ევროპაში. ის დაარსდა 200 წლის წინ და მას შემდეგ შპარკასეს მისია ფინანსური ინკლუზიისა და ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობაა.

სხვა სიახლეები