მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლარის ბანკნოტების და მონეტების შეუფერხებლად გადაცვალას უზრუნველყოფენ
08 სექტემბერი, 2016
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაზრდის მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციის წესში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ლარის ბანკნოტები და მონეტები სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებში და მონეტებში შეუფერხებლად გადაცვალოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. აღსანიშნავია, რომ დღემდე მოქმედი წესი არ ავალდებულებდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლარის ბანკნოტების გამოცვლას და ეს დამოკიდებული იყო თითოეული საფინანსო ორგანიზაციის შიდა პროცედურაზე.
წესის ახალი რედაქციის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ვალდებულნი არიან არამეწარმე ფიზიკური პირისთვის ყოველგვარი საზღაურის და შეფერხების გარეშე განახორციელონ I და II კატეგორიის ვარგისიანობის ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია არ დაუშვას II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უნდა უზრუნველყოს მათი კომერციულ ბანკში ჩაბარება ან გამოცვლა.
ცვლილებების წარმოდგენილი რედაქცია იმასაც უზრუნველყოფს, რომ II კატეგორიის ვარგისიანობის ლარის ბანკნოტები და მონეტები აღარ მოხვდეს მიმოქცევაში და კომერციული ბანკების მიერ განხორციელდეს მათი ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.