კონფერენცია ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების შესახებ

კონფერენცია ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების შესახებ

16 ივნისი, 2014

12-13 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ, თბილისში ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების თემაზე გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო აზიის განვითარების ბანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქსტატისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ერთობლივი პროექტის საბოლოო შედეგები.

პროექტი მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების სტატისტიკის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორგანიზაციული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის აღსანიშნავია ისეთები, რომლებიც პირველად განხორციელდა სტატისტიკური საქმიანობის პრაქტიკაში: არაფინანსური კორპორაციების ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შერჩევითი გამოკვლევა; ლომბარდების შერჩევითი გამოკვლევა; საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის ფასების კვლევა.

აღნიშნული კვლევების შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს შინამეურნეობებთან, არასაფინანსო კორპორაციებთან და უძრავი ქონების ბაზრებთან დაკავშირებული ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების გაანგარიშებისათვის. შესაბამის ინდიკატორებს ეროვნული ბანკი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს როგორც საკუთარ ვებგვერდზე (http://www.nbg.gov.ge/), ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური ინდიკატორების ვებგვერდზეც (http://fsi.imf.org/).

საქართველოს ეროვნული ბანკი 2012 წლის აპრილიდან მიუერთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივას ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების წარმოებისა და გავრცელების თაობაზე და დაიწყო საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით ინფორმაციის გამოქვეყნება სავალუტო ფონდის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების ვებგვერდზე, სადაც უკვე 91 ქვეყნის ანალოგიური მონაცემები ქვეყნდება.

დღეისათვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები მოიცავს 40 მაჩვენებელს, რომელთაგან 12 ძირითადი ინდიკატორია, ხოლო დანარჩენი 28 - სასურველი. აქედან, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ყველა ძირითად და 17 სასურველ ინდიკატორს (http://elibrary-data.imf.org/Report.aspx?Report=4160276&Country=915). პროექტის შედეგად, ეროვნული ბანკი დამატებით 7 ინდიკატორის გამოქვეყნებას გეგმავს.

სხვა სიახლეები