კომერციულ ბანკებს ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში აღებული სასესხო ვალდებულებების გადახედვა დაევალათ

კომერციულ ბანკებს ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში აღებული სასესხო ვალდებულებების გადახედვა დაევალათ

25 თებერვალი, 2015
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ბოლოდროინდელ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომერციული ბანკები ერთ კვირაში წარმოადგენენ გეგმას, თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ დოლარში აღებული სესხის ტვირთი ფიზიკურ პირებს.

„კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, განვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი კი ლარში. ბანკებს დაევალათ ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმები, თუ რა სქემით მოახდენენ სესხების ვადიანობის დაგრძელებასა თუ რესტრუქტურიზაციას, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების ტვირთი შემსუბუქდეს, რომ მცირე შვება იგრძნონ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკითხის ფუნდამენტური მოგვარება მაგრამ, ვიდრე აღდგება სავალუტო შემოდინებები და გამოსწორდება ფუნდამენტური ფაქტორები, როდესაც ლარს ექნება გამყარების ტენდენცია ვფიქრობთ იქამდე ეს იქნება გარკვეული შვება ამ ადამიანებისთვის. ამ მიმართულებით ყველა ბანკი იქნება ძალიან მოქნილი და ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ ყველა ბანკის მიხედვით. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, არც ერთ ბანკს ამასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მანამდეც ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ მედიასთან ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით ლარის კურსი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს: „უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ლარის დევალვაცია ფუნდამენტურმა ფაქტორებმა განაპირობეს და რომ ლარის გაუფასურება სავალუტო შემოდინებების შემცირებას უკავშირდება. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. შემცირების ტენდენცია აქვს იმპორტს. იმპორტის შემცირება კი თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და შესაბამისად ლარი არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს.

მოკლევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როდესაც ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა–გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება. მაგრამ როგორც წესი ყოველთვის ეს არის რამდენიმედღიანი შუალედი. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც  მანამდე იყო.

ჩვენ გვაქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და  ეს არაერთხელ დავატკიცეთ. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რის შედეგადაც გაუფასურდა ლარის კურსი. იმისათვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების ტენდენცია, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. ეს არის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მთავარი გამოსავალი. ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, მიმართულია იმისათვის რომ შევარბილოთ ნეგატიური გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა იმ მოსაზრებებს, რომ თითქოს ეროვნული ბანკის ჩარევა მიმდინარე პროცესებში დაგვიანებულია.

„არის სხვადასხვა ტიპის კომენტარები ეროვნული ბანკის დაგვიანებულ რეაქციებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვიან დავიწყეთ მოქმედება, ეს ასე არ არის, ეროვნული ბანკი ამ თემას პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ეკიდება, თითოეულ ჩვენს ჩარევას პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ფასი, გამოხატული ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებაში, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაში, გაყიდვების შემცირებაში და ა.შ.  ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
სხვა სიახლეები