კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 2.0 პროცენტით, ანუ 204.9 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 10.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 131.2 მლნ ლარით (3.2 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 73.6 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.3 პროცენტით ანუ 81.3 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.2 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.4 პროცენტით ანუ 15.9 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 44.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით ანუ 1.8 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი აპრილისათვის 2.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 17.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი აპრილისათვის 943.9 მლნ ლარით განისაზღვრა (3.3 პროცენტით ანუ 30.5 მლნ ლარით მეტი პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით); 7.8 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 420.8 მლნ ლარია (0.8 პროცენტით, ანუ 3.6 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 70.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2014 წლის მარტის განმავლობაში 2.6 პროცენტით ანუ 126.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 4.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306&lng=geo