კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 ივლისი, 2014

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 2.6 პროცენტით, ანუ 286.2 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 11.1 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 171.0 მლნ ლარით (4.0 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 115.2 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით ანუ 129.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.3 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.7 პროცენტით ანუ 71.6 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 31.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის (1.7 მლრდ ლარი). მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი ივლისისათვის 1.3 მლრდ ლარით განისაზღვრა; 7.6 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 421.9 მლნ ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 61.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის ივნისის განმავლობაში 2.2 პროცენტით ანუ 114.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის  5.2  მლრდ ლარს გადააჭარბა.

ივნისში საქმიანობის სახეების მიხედვით გაცემული სესხების სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა წინა პერიოდებთან შედარებით, რაც ბანკების მიერ თავიანთი კლიენტების საქმიანობის სახეების ბაზის განახლებამ გამოიწვია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები