კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

27 აპრილი, 2015

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 368.0 მლნ ლარით (2.6 პროცენტით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით) გაიზარდა და 2015 წლის პირველი აპრილისათვის 14.6 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 67.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 300.3 მლნ ლარით (3.3 პროცენტით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.7 მლრდ ლარის (4.1 პროცენტით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 31.2 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2015 წლის თებერვალთან შედარებით, მარტში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 6.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.7 პროცენტით) ანუ 128.6 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი აპრილისათვის 2.3 მლრდ ლარს მიაღწია. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი აპრილისათვის 1.7 მლრდ ლარით განისაზღვრა (პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით 2.7 პროცენტით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.0 პროცენტით ნაკლები); 6.4 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 465.3 მლნ ლარია (4.5 პროცენტით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.7 პროცენტით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 60.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2015 წლის მარტის განმავლობაში 2.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით) ანუ 152.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის  6.7  მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.79 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 53.48 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.20 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.15 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

სხვა სიახლეები