კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ აგვისტოს ბოლოს 5.6 მლრდ ლარი შეადგინა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტ ბანკებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 1 სექტემბრისათვის, 1 აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, 175.6 მლნ ლარით შემცირდა და 5.6 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა აგვისტოს ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.6 მლრდ ლარით (39.5 პროცენტი) გაიზარდა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 1.8-ჯერ მოიმატა და 1.9 მლრდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 25.1 პროცენტით განისაზღვრა და 3.7 მლრდ ლარს მიაღწია. ამასთან, სესხების სტრუქტურა, ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შესაბამისად, 33.7 და 66.3 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 26.1 და 73.9 პროცენტისა).
საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო დაბანდების 2.0 პროცენტს ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემთან შედარებით, მისი მოცულობა 2.3-ჯერ გაიზარდა და 1 სექტემბრისათვის 112.4 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი ვადაგადაცილებული დავალიანების 54.0 პროცენტი მოკლევადიან სესხებზე მოდის.
უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (44.8 პროცენტით, 23.0 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების საერთო მოცულობის 70.4 პროცენტი შეადგინა, 2007 წლის აგვისტოს ბოლოს დაფიქსირებული 67.8 პროცენტის ნაცვლად.
რაც შეეხება ვადიანი სესხების სტრუქტურას, მსესხებლის კატეგორიების მიხედვით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2008 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 842.0 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.2 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 3.0-ჯერ გაიზარდა და 129.2 მლნ ლარი შეადგინა; 2.3-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 29.2 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი, ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში, კვლავ უმნიშვნელო, შესაბამისად, 4.3 და 1.0 პროცენტის დონეზე რჩება.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 45.7 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 7.9 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიაღწია.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.9 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის 1 სექტემბრისათვის 633.1 მლნ ლარით განისაზღვრა (28.6 პროცენტით მეტი, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); 13.6 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 410.5 მლნ ლარია (შესაბამისად, 36.0 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.2 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 1.9-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის 1 სექტემბრისათვის 2.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/