კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 5.4 მლრდ ლარს გადააჭარბა
2008 წლის ივნისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2.0 მლრდ ლარით (56.9 პროცენტი) გაიზარდა და 5.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.1-ჯერ და მეტად გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 37.3 პროცენტით განისაზღვრა და 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამასთან, სესხების სტრუქტურა, ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა და, შესაბამისად, 35.0 და 65.0 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 25.7 და 74.3 პროცენტისა).
უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (60.6 პროცენტით, 49.0 პროცენტთან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 69.8 პროცენტი შეადგინა, გასული წლის ივნისის ბოლოს დაფიქსირებული 68.2 პროცენტის ნაცვლად.
რაც შეეხება ვადიანი სესხების სტრუქტურას მსესხებლის კატეგორიის მიხედვით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2008 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 957.2 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.9-ჯერ მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.2 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.
საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 1.8-ჯერ გაიზარდა და 57.5 მლნ ლარი შეადგინა; 1.6-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა განათლების სექტორში და 9.4 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი დაკრედიტების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელო – შესაბამისად, 1.8 და 0.3 პროცენტის დონეზე რჩება.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 47.0 პროცენტი, ვაჭრობის სფეროზე მოდის. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 37.5 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია.
იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საერთო მოცულობაში მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი 20.0 პროცენტს შეადგენს, რაც 2008 წლის პირველი ივლისისათვის 635.3 მლნ ლარით განისაზღვრებოდა (30.6 პროცენტით მეტი, 2007 წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით); 13.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 430.5 მლნ ლარია (შესაბამისად, 61.8 პროცენტით მეტი). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად – 2.1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2008 წლის პირველი ივლისისათვის 2.2 მლრდ ლარს მიაღწია, რაც ინდივიდუალური მეწარმეობის გააქტიურებაზე მიუთითებს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.