კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება დამტკიცდა

კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება დამტკიცდა

27 სექტემბერი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. აღნიშნული პროცესის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცდა დებულება "კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ". მისი მიზანია საბანკო სექტორში ჭარბი ლევერიჯის1 დაგროვების თავიდან არიდება. ლევერიჯის კოეფიციენტი მარტივი მაჩვენებელია, რომელიც რისკებზე დაფუძნებული ბაზელ III-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების თანამედროვე და ეფექტური შემავსებელია. აღნიშნული მაჩვენებელი კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის რისკის პოზიციებთან შეფარდებით მიიღება. დამტკიცებული დებულება შესაბამისობაშია როგორც საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ბაზელ III-ის სტანდარტებთან, ასევე ევროპის პარლამენტისა და საბჭოს შესაბამის რეგულაციასთან (CRR), რომლის მოთხოვნებთან დაახლოების ვალდებულება საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ დებულებით განსაზღვრულ ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას, რომელიც 5%-ს შეადგენს, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი აკმაყოფილებს.


_______________________
 1 მიუხედავად იმისა, რომ ლევერიჯი ფინანსურ ლიტერატურაში შეიძლება სხვადასხვაგვარად დაანგარიშდეს, ყველა შემთხვევაში, მისი მიზანია განსაზღვროს ვალდებულებების წილი კომპანიის მთლიან კაპიტალში.
სხვა სიახლეები