კობა გვენეტაძის შეხვედრა საბანკო სექტორთან

კობა გვენეტაძის შეხვედრა საბანკო სექტორთან

14 ივნისი, 2016
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე საბანკო სექტორში და ზოგადად ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის მოსაგვარებლად საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციულ ბანკებთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

"ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან. რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე ვისაუბრეთ: პირველი, ესაა ლარიზაციის საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევამციროთ ეს მაჩვენებელი. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქვეყანაში გრძელვადიანი ლარის სესხები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვნად უნდა გააქტიურდეს ღონისძიებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით:

"ვფიქრობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რადგან რაც უფრო მეტი კმაყოფილი მსესხებელი ეყოლებათ ბანკებს, მით უფრო მაღალი იქნება მათ მიმართ ნდობა. ჩვენი მიდგომაა, რომ ბანკები უფრო მეტად გახსნილები იყვნენ, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებს. ასევე, ვგეგმავთ  ცვლილებები შევიტანოთ წესში, რომელიც მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ დღეს ონლაინ სესხების რეგულირების თემაზეც გააკეთა განცხადება. როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეროვნული ბანკი საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებას ცდილობს:
 
"ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით და ეს ნაბიჯებიც გადადგმული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. არის სხვადასხვა მოდელი - არის ქვეყნები სადაც ეროვნული ბანკი ახდენს ამ საკითხის რეგულირებას, არის ქვეყნები სადაც მთავრობა არეგულირებს ამ თემებს. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია რომ საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ".

კობა გვენეტაძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ შეხვედრას კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები