კობა გვენეტაძის შეხვედრა იმერეთის მხარის ბიზნესის წარმომადგენლებთან
26 იანვარი, 2017
იმერეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. კობა გვენეტაძემ მათ დეტალურად გააცნო კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ბიზნესის წარმომადგენლებმა კი მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
"ქუთაისში შეხვედრით ეროვნული ბანკი იწყებს კომუნიკაციის ახალ ეტაპს - როგორც გახსოვთ, წლის დასაწყისში ჩვენ შევპირდით საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავმართავდით ბრიფინგს. აუცილებელია დიალოგი, პოლიტიკის და გადაწყვეტილების ყველა დეტალი ავუხსნათ იმ საზოგადოებას, ვისი წახალისების, ხელშეწყობისთვისაც მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება. შეხვედრაზე მონაწილეებისგან ჩვენ მოვისმინეთ მათი შენიშვნები და წინადადებები, ესაა დიალოგი, რომელიც წაადგება ყველა მხარეს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.