კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

27 აპრილი, 2016
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გააცნო კომიტეტის გადაწყვეტილება და ესაუბრა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ სტრატეგიაზე, რომელზე გადასვლასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს.

"მინდა გაგაცნოთ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი, ვფიქრობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლას ეხება. ზოგადად, საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ ღია და ტრანსპარენტული ინსტიტუტია, მისი ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოძებნოს მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. ახალი ინიციატივა უფრო აქტიურ და დინამიურ ფაზაზე გადასვლას გულისხმობს, რაც გამოიხატება რეგულარულ ბრიფინგებში, რომელიც გაიმართება წელიწადში ოთხჯერ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე და ამ ბრიფინგზე, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად დეტალურად ავხსნით კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძვლებსა და მიზეზებს, ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, რომელიც ზოგადად ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, ასევე კონკრეტულად მის ინსტრუმენტებსა თუ გადაწყვეტილებებს ეხება. ბრიფინგების კალენდარი წინასწარ იქნება ცნობილი, გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე და მედიას წინასწარ ეცოდინება მისი თარიღი და დაწყების დრო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"წინა პერიოდში რეგიონში არსებული ნეგატიური პროცესების, გარე შოკებისა და ლარის კურსის გაუფასურების გამო გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები. ამის საპასუხოდ, ეროვნულ ბანკს მოუწია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეროვნული ბანკის თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო. მიმდინარე შეფასებები და პროგნოზი ადასტურებს, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება და შესაბამისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება აღარ არის. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას. დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით. მომავალი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე.

უკანასკნელ პერიოდში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება საქართველოს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მიმართულებით. ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლება შემცირდა, იზრდება ტურიზმიდან შემოსავლები. ამასთან, იმპორტი განაგრძობს კორექტირებას, რაც ხელ უწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, გლობალური ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია და კვლავ პრობლემებია რეგიონის ქვეყნებში.

გარდა პოლიტიკის განაკვეთისა,  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ლარიზაციის წახალისების მიზნით, ასევე მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 10%-დან 7%-მდე შემცირების შესახებ. ამავე დროს, მომავალში ფინანსური სტაბილურობის შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 16 ივნისიდან",  - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე დღევანდელ პრესკონფერეციაზე დოლარიზაციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ლარიზაციის მიმართულებით გადადგმული კომპლექსური პროგრამის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.

"ბოლო პერიოდში კურსის მერყეობის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული. მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი დოლარიზაციის შემცირება და ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობაა. დღევანდელი გადაწყვეტილება ლარიზაციის კომპლექსური პროგრამის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. ჩვენ სხვა ღონისძიებების გატარებასაც ვგეგმავთ, მათ შორის მთავრობასთან ერთად, რასაც ეტაპობრივად გაცნობებთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვა სიახლეები