კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

27 ივლისი, 2016
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"მოგეხსენებათ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ინფლაციის მომავალ მაჩვენებელზე დაყრდნობით. არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალი იქნება შემდგომი კვარტლების განმავლობაში, რაც იძლევა პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას. არსებული პროგნოზით მიზანშეწონილია გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს. მაგრამ ეს არ არის არანაირი წინაპირობა ან ვალდებულება, შემცირების ტემპი და შემდგომი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და ინფორმაციებზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომ მიმოხილვაში, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოსცემს ასევე მოცემული იქნება პოლიტიკის განაკვეთის ის მრუდი, რომლის პროგნოზირებასაც ჩვენ ვაკეთებთ და რომლის გამოქვეყნებაც დაახლოებით ორი თვის წინ დავიწყეთ.

რაც შეეხება, იმ ფაქტორებს რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, ძირითადად არის ის, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდას კვლავ ხელს უშლის საგარეო სექტორი. თუმცა შედარებით გააქტიურებულია შიდა და საგარეო ინვესტიციები. წინა პროგნოზების დროს ჩვენი გათვლებით დაახლოებით 3-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, ხოლო დღესდღეობით კი ეს პროგნოზი 3.5 პროცენტია, ის რასაც ველოდებით. მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის პოზიტიური ეფექტები. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ამავე დროს ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ, ასევე, ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდის პერსპექტივამ. ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის გადაცემას ფინანსურ ბაზრებზე, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს გადაწყვეტილებებში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დედოლარიზაციის თემაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა: მისი თქმით, დედოლარიზაციის პროცესი ახალი არ არის და ეს პროცესი ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. "დედოლარიზაციის პროცესი არ არის რაღაც ახალი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახლა დაიწყო. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და ბევრი ნაბიჯი გადაიდგა კიდეც. დედოლარიზაცია, პირველ რიგში ნიშნავს ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას და რა თქმა უნდა არ გულისხმობს დეპოზიტების რაიმე სახით შეზღუდვას ან აკრძალვას. მოქალაქეებსაც და კომპანიებსაც შეუძლიათ განათავსონ დეპოზიტები ლარით, დოლარით ან ნებისმიერი ვალუტით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტთა სხვა შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა სიახლეები