კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

26 ოქტომბერი, 2016
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ  საბანკო სექტორში განხორცილებული მსხვილი გარიგება შეაფასა და განმარტა, რომ "თიბისი ბანკისა" და ბანკ "რესპულიკას" გაერთიანება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, არამცთუ შეამცირებს, არამედ კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ქართულ საბანკო ბაზარზე.

"შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მოახდენს გავლენას ეს გარიგება კონკურენციაზე საქართველოს საბანკო სექტორში. გიპასუხებთ, რომ საბანკო სექტორში უკვე არსებობდა ორი მსხვილი ბანკი, მანამდეც სანამ ეს გარიგება მოხდებოდა, და არსებობდა ძალიან მძაფრი კონკურენცია და ხშირად ამ კონკურენციის პირობებში რისკიანი გადაწყვეტილ
ებების მიღებაც კი ხდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სინერგიისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე ნამდვილად კარგი იქნება საბანკო სექტორისათვის და ვფიქრობ საბოლოოდ ეს, არამცთუ შეამცირებს, არამედ კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ქართულ საბანკო ბაზარზე, რაც საბოლოოდ უკვე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეც უნდა აისახოს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ მედიას ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიზეზები განუმარტა და ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებებზეც ესაუბრა.

"როგორც იცით, ჩვენ არ ვაკეთებთ კურსზე კომენტარს არც მაშინ, როდესაც მყარდება და არც მაშინ, როდესაც უფასურდება. თუმცა, რადგან დაისვა კითხვა შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის კურსის ცვლილება, რა თქმა უნდა, სავაჭრო არხებით ასახვას ჰპოვებს ლარის/აშშ დოლარის კურსზე. თუმცა, თუ შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებულია. ტურიზმი იზრდება 11%-ით, ფულადი გზავნილები 13%-ით, სექტემბერში პირველი თვე იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში როდესაც ექსპორტი გაიზრდა 8%-ით. სექტემბერში ასევე შემცირდა იმპორტი 2%-ით. ამ ტენდენციებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი და რომ მოკლევადიანი მერყეობები ყოველთვის იქნება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში კურსს ექნება გამყარების ტენდენცია.

რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის სტრატეგიის მიხედვით, ეროვნულ ბანკს აქვს ზუსტად ის მანდატი, მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და ეროვნული ბანკის რეზერვები საშუალებას იძლევა განახორციელოს ინტერვენციები და შეამციროს ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული დიდ მერყეობები. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი, ეს იყო "თიბისი ბანკისა" და ბანკ "რესპუბლიკას" გარიგების ფაქტი. ამავდროულად იყო სხვა ერთჯერადი გარიგებებიც და გარდა ამისა იყო მოლოდინი არჩევნებისადმი. მოგეხსენებათ არჩევნები გარკვეულწილად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის ერთჯერადი შოკი. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ინტერვენციები განეხორციელებინა. გარდა ამისა, ბევრმა თქვენგანმა შენიშნა, რომ ეს პირველად არ მომხდარა, ძალიან ხშირად გაკეთებულა ასეთი რამ. მე თავად გადავხედე სტატისტიკას 2010, 2011, 2012, 2013 წელს ზუსტად ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ასეთი მკვეთრი, ნახტომისებური ცვლილებების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ინტერვენციები და ზუსტად ასეთ მოვლენებთან გვქონდა საქმე ბოლო პერიოდში. განვახორციელებთ თუ არა მომავალში მსგავს ჩარევებს, გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში თუ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მოგვცა ამის საშუალება რა თქმა უნდა განვახორციელებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში როდესაც იქნება კურსის მერყეობა ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოუწოდა ფინანსურ ინსტიტუტებს სათანადოდ დაიცვან ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნები.
 
"მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო ყურადღების ცენტრშია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხი. ეროვნული ბანკიც განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს და სისტემატურად ვახორციელებთ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარდებთან შესაბამისობის შემოწმებას, ვინაიდან ფინანსური ინსტიტუტების სერვისების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა თუ ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკების წინაშე დააყენოს არამხოლოდ საფინანსო სისტემის, არამედ მთლიანად ქვეყნის რეპუტაცია და სტაბილურობა.

მინდა მოვუწოდო ფინანსურ ინსტიტუტებს, გაითავისონ თავიანთი როლი უკანონოდ მოპოვებული ან/და ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის აღკვეთის პროცესში, სათანადოდ დაიცვან ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნები. ამასთან, გამოვთქვამთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველობაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გავმართოთ სამუშაო, განმარტებითი შეხვედრები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა სიახლეები