კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

25 იანვარი, 2017
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ქუთაისში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ ქუთაისში, განსაკუთრებული ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ქალაქში ტარდება, ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში და მისი როლი ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

ქუთაისში შეხვედრით ეროვნული ბანკი იწყებს კომუნიკაციის ახალ ეტაპს - როგორც გახსოვთ, წლის დასაწყისში ჩვენ შევპირდით საზოგადოებას, რომ ყოველი მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავმართავდით ბრიფინგს. ავხსნიდით კომიტეტის გადაწყვეტილებებს და ვუპასუხებდით თქვენს შეკითხვებს. ამ ტრადიციისთვის არ გადაგვიხვევია და ასეთი ბრიფინგი რამდენჯერმე ჩავატარეთ თბილისში. დღეიდან, ვიწყებთ უკვე რეგიონებში შეხვედრებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვგეგმავთ ადგილობრივ მედიასთან, ბიზნესთან, სამეცნიერო წრეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 

დღეს როგორც იცით, შევხდებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმსაც გავაფორმებთ მათთან.

ასევე შევხვდებით ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, წუხილებს, რეკომენდაციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა სიახლეები